Project's presentation in Regions
საქართველოს ზრდასრულთა განათლების ქსელი 2017 წლის აპრილში ათასწლეულის გამოწვევის ფონდის პროფესიული განათლების სექტორში ინდუსტრიის მონაწილეობის ხელშეწყობის საგრანტო კონკურსის II რაუნდის ერთ-ერთი გამარჯვებულები გახდა. მცირე საგრანტო კონკურსის მიზანია პროფესიული განათლების პრაქტიკის გაძლიერება და კარგი მაგალითების გავრცელება პროფესიული განათლების სექტორში.
საქართველოს ზრდასრულთა განათლების ქსელის მიერ ინიცირებული პროექტი მიზნად ისახავს სამეწარმეო განათლების გაძლიერებას არაფორმალურ განათლებაში. პროექტი ოთხი კომპონენტისგან შედგება და ითვალისწინებს პროფესიულ განათლებაში არსებული სამეწარმეო განათლების მოდულის სწავლებას ამბროლაურის და სენაკის ზრდასრულთა არაფორმალური განათლების ცენტრებში. მოდულის სწავლების მეთოდოლოგიაში მომზადდებიან ადგილობრივი ტრენერები. პროექტის ფარგლებში პედაგოგებისთვის შეიქმნება სამეწარმეო განათლების მოდულის აღიარების გზამკვლევი და დამხმარე სახელმძღვანელო. მეწარმეობის თემის პოპულარიზების მიზნით, პროექტი, ასევე ითვალისწინებს ბიზნეს იდეების კონკურსს, რომელიც სამ საუკეთესო ბიზნეს იდეას გამოავლენს.
22 მაისს ამბროლაურის ზრდასრულთა განათლების ცენტრში პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. საქართველოს ზრდასრულთა განათლების ქსელის დირექტორი ხატია ცირამუა, პროექტში მოწვეული პროფესიული განათლების საერთაშორისო ექსპერტი გიუნტერ დივალდი და ამბროლაურის ზრდასრულთა განათლების ცენტრის დირექტორი ნონა სოხაძე მეწარმეობით დაინტერესებულ აუდიტორიას შეხვდნენ. პროექტის ფარგლებში გამოცხადდა სამეწარმეო მოდულის სწავლებით დაინტერესებულ პირთა შერჩევა ივლისში დაგეგმილი ტრენერთა ტრენინგისთვის. პროექტის გუნდი, ასევე, შეხვდა ადგილობრივი მცირე ბიზნესის წარმომადგენლებსა და პროფესიული კოლეჯის „ერქვანი“ ადმინისტრაციას.
პროექტის პრეზენტაცია 23 მაისს სენაკის სათემო განათლების ცენტრში გაიმართა. პროექტის გუნდმა პროექტის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა სენაკის დევნილთა დასახლებაში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირებს, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი სენაკის ფილიალის ადმინისტრაციას და მცირე ბიზნესის წარმომადგენლებს.