GAEN-ის 2018 წლის შემაჯამებელი ღონისძიება

საქართველოს ზრდასრულთა განათლების ქსელმა(GAEN) 30 ნოემბერს 2018 წლის შემაჯამებელი ღონისძიება გამართა, რომელშიც არაფორმალური განათლების სფეროში მოღვაწე ორგანიზაციები და საქართველოს რეგიონებში მოქმედი ზრდასრულთა განათლების ცენტრები მონაწილეობდნენ. ღონისძიებაზე ზრდასრულთა განათლების წლის საუკეთესო ცენტრი და ზრდასრულთა განათლების თემაზე შექმნილი წლის საუკეთესო ჟურნალისტური ნამუშევარი გამოვლინდა.

ღონისძიება საქართველოს ზრდასრულთა განათლების ქსელის დირექტორმა თამარ ჭაბუკიანმა გახსნა. სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტიტუტის DVV international საქართველოს ოფისის დირექტორმა ლალი სანთელაძემ მოკლედ ისაუბრა ზრდასრულთა განათლების მნიშვნელობაზე და ცენტრების როლსა და წარმატებაზე რეგიონებში. მათი განვითარების პერსპექტივას შეეხო თავის გამოსვლაში DVV international  საქართველოს ოფისის წარმომადგენელი დავით ჯიქია, რომელმაც ახლო მომავალში ზრდასრულთა განათლების კიდევ ორი ცენტრის გახსნა დააანონსა.

ცენტრების მიერ 2018 წელს გაწეული მუშაობის შესახებ წარმოდგენილი პრეზენტაციის შემდეგ წლის საუკეთესო ცენტრი დასახელდა. იგი აღმოჩნდა კოდის სათემო განათლების ცენტრი მადონა ოქროპირიძის ხელმძღვანელობით, რომელმაც ამ გამარჯვებისთვის მადლობა გადაუხადა ცენტრის თანამშრომლებს, დონორებსა დაყველა თანამდგომს.

ღონისძიება ზრდასრულთა განათლების თემაზე შექმნილი წლის საუკეთესო ჟურნალისტური ნამუშევრის გამოვლენით დასრულდა. იგი ეკუთვნის „mastsavlebeli.ge“ ჟურნალისტს შორენა ტყეშელაშვილს, რომლისთვისაც „ეს ჯილდო (როგორც თავად აღნიშნა) სრულიად მოულოდნელი იყო და მაინსპირირებელი გახდება ზრდასრულთა განათლებაზე კიდევ უფრო მეტის შეტყობისა და მუშაობისათვის“.

სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტიტუტის DVV international საქართველოს ოფისის დირექტორის ქალბატონ ლალი სანთელაძის თქმით, DVV-ს მიერ მხარდაჭერილი ეს ღონისძიება - წლის შედეგების შეჯამება და საუკეთესო ცენტრის გამოვლენა - ხელს უწყობს ზრდასრულთა განათლების, როგორც მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლის სტატუსის ამაღლებას და საზოგადოების, მედიისა და სახელისუფლებო სტრუქტურების ცნობიერების გაზრდას ზრდასრულთა განათლებაში. იგი გაიმართება ყოველწლიურად და გამოავლენს ზრდასრულთა განათლების წლის საუკეთესო ცენტრს, საუკეთესო ტრენერ-პედაგოგს და საუკეთესო ზრდასრულ ბენეფიციარს, რომლებიც სასწავლო ვიზიტით გაემგზავრებიან გერმანიაში.

ღონისძიების მონაწილეთათვის სასტუმრო „ბეტსის“ საკონფერენციო დარბაზში წარმოდგენილი იყო ათივე ცენტრის მიერ სახელობო კურსებისა და მცირე ბიზნესის ფარგლებში შექმნილი პროდუქცია. თექა, ქვილთი, საიუველირო, ხის და სხვა ხელნაკეთი

ნივთები, სუვენირები და აქსესუარები შესრულების ხარისხით, გემოვნებითა და მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა და დამსწრეთა დიდი მოწონება დაიმსახურა.

18 დეკემბერი