„გენდერი იწყება ჩემგან"
2016საქართველოს ზრდასრულთა განათლების ქსელმა (GAEN) საქართველოში გერმანიის საელჩოს მხარდაჭერითა და დაფინანსებით 2016 წლის მარტიდან 2017 წლის თებერვლამდე უკვე მეორედ განახორციელა პროექტი „გენდერი იწყება ჩემგან“ ("Gender Starts with Me"), რომლის პირველი ეტაპი 2015 წელს წარმატებით დასრულდა სამეგრელოში, სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში. 2016 წლის 2 მარტს საქართველოს ზრდასრულთა განათლების ქსელს (GAEN) გერმანიის ელჩის მოადგილე მონიკა ლენჰარდი ესტუმრა და ქსელის დირექტორთან, ხატია ცირამუასთან ერთად პროექტის მეორე ეტაპის დაწყება გამოაცხადა. პროექტი „გენდერი იწყება ჩემგან“ გენდერული თანასწორობის, ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა უფლებების დაცვისა და ძალადობის პრევენციის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას, ქალთა უფლებების დაცვასა და მათი სოციალური ჩართულობის გააქტიურებას ისახავდა მიზნად. პროექტი ამჯერად კოდაში, ჯვარში, ჩოხატაურსა და ლელიანში განხორციელდა. საქართველოს ზრდასრულთა განათლების ქსელის პარტნიორები იყვნენ ადგილობრივი სათემო ორგანიზაციები: კოდის, ჯვარის, ჩოხატაურისა და ლელიანის ზრდასრულთა და სათემო განათლების ცენტრები. პროექტის ძირითად აქტივობებს შეადგენდა: ქალთა კლუბები; ტრენინგები; მრგვალი მაგიდის შეხვედრები; საჯარო შეხვედრები წარმატებულ ქალებთან; დოკუმენტური ფილმების ჩვენება; დისკუსიები გენდერისა და ოჯახური ძალადობის თემაზე; დისკუსიები აქტუალურ სამართლებრივ საკითხებზე; ლექციები/ფილმების ჩვენება გამოჩენილი საზოგადო მოღვაწე ქალების შესახებ; ფორუმ-თეატრი პროექტის ბენეფიციართა მონაწილეობით; ფსიქოლოგისა და იურისტის უფასო კონსულტაციები და პროექტის შემაჯამებელი ფესტივალი - „გენდერი იწყება ჩემგან“.