Summery Event of the year 2022

საქართველოს ზრდასრულთა განათლების ქსელმა (GAEN) არც ამჯერად უღალატა ტრადიციას და ზრდასრულთა განათლების წარმომადგენლები 2022 წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე მიიწვია სასტუმტო იოტაში. შეხვედრის მიზანი მიმდინარე წელს გაწეული მუშაობის შედეგების შეჯამება და იმ ადამიანების წარმოჩენა იყო, ვისაც ამ ყველაფერში შეაქვს წვლილი.

ღონისძიებას ქსელის დირექტორი ქალბატონი ნინო ბაბალაშვილი უძღვებოდა. მისალმების შემდეგ მან დამსწრე საზოგადოებას პრეზენტაცია წარუდგინა ქსელის მუშაობისა და ზრდასრულთა განათლების ცენტრების საქმიანობაზე; ისაუბრა 2022 წლის ძირითად მიმართულებებზე, ცნობიერების ამაღლებაზე საზოგადოებაში ზრდასრულთა განათლების სიკეთეების შესახებ, ადგილობრივ პარტნიორებთან და მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობაზე, ქსელის წევრი ორგანიზაციების ფინანსურ ხელშეწყობაზე, რეგიონებში ბენეფიციარების დაინტერესებაზე მოკლევადიანი კურსების შეთავაზებით; ტრენინგებზე, რომელიც ზრდასრულთა განათლების მიმწოდებლების კვალიფიკაციის ამაღლებასა და ბენეფიციართა პროფესიულ განვითარებას უწყობს ხელს.  

შეხვედრის მონაწილეებს მიესალმა სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის  DVV international -ის საქართველოს ოფისის დირექტორი ქალბატონი ლალი სანთელაძე, რომელმაც ისაუბრა  DVV international-ის როლზე ქსელის საქმიანობაში, ცენტრების დაფინანსებაში, ხელშეწყობაში და პარტნიორობაში, რომელსაც DVV ქსელის დასახმარებლად და ზრდასრულთა განათლების პოპულარიზაციისთვის ეწევა საქართველოს რეგიონებში. საქართველოს ზრდასრულთა განათლების  ქსელი, როგორც DVV international -ის შვილობილი ორგანიზაცია, კვლავაც რჩება DVV-ს ქოლგისა და მზრუნველობის ქვეშ, რაც გულისხმობს ყველა იმ საქმიანობაში, გამოწვევებსა თუ მიღწევებში მხარდაჭერას, რასაც ქსელი მომავალში გასწევს. "ეს არის ჩვენი ერთობლივი საზრუნავი, რომელშიც ქსელი ყოველი წლის შედეგების მიხედვით, უფრო კვალიფიციურად და პროდუქტიულად ასრულებს თავის როლს და ეს დღევანდელი შეხვედრიდანაც ჩანს." - აღნიშნა ქალბატონმა ლალიმ.

განვლილი წლის შედეგები ყველაზე ნათლად და ამაღელვებლად მაინც შეხვედრის შემდეგ ნაწილში წარმოჩინდა, როდესაც ზრდასრულთა განათლების წლის საუკეთესოები სხვადასხვა ნომინაციაში დააჯილდოვეს. პრიზები ასე  განაწილდა:

2022 წლის საუკეთესო პარტნიორი მუნიციპალიტეტი - ხონის მუნიციპალიტეტი (ღონისძიებას ესწრებოდა ხონის მერი ლადო ჯურხაძე);

2022 წლის საუკეთესო ბენეფიციარი - ახალქალაქის ზრდასრულთა განათლების ცენტრის ბენეფიციარი, ელენა ბიჩახჩიანი

2022 წლის საუკეთესო ტრენერი - ახალქალაქის ზრდასრულთა განათლების ცენტრის ბუღალტერიის ტრენერი, ჰრიპსიმე ოვანოღლიანი

2022 წლის საუკეთესო ტრენერი - ახალციხის ზრდასრულთა განათლების ცენტრის გიტარისა და ფანდურის შემსწავლელი კურსების ტრენერი, ჟუჟუნა კახაძე

2022 წლის საუკეთესო ცენტრი - ლელიანის ზრდასრულთა განათლების ცენტრი

2022 წლის საუკეთესო ცენტრი - ახალქალაქის ზრდასრულთა განათლების ცენტრი

                                                                                                           რიტა ბაინდურაშვილი

26 December